“IB მთიებში“ მიიჩნევენ, რომ სწავლებისა და აღზრდის პროცესში უმთავრესი მიზანი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. ამ პროცესში კი სკოლასა და ოჯახს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ამდენად, „IB მთიებში“ მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა მაქსიმალურად მხარდაჭერილია.
სკოლის წარმატების ისტორიას მისი დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და ფინანსური დირექტორი ანა ჯავახიშვილი გვიყვებიან.
ქალბატონო ნინო, როდის და როგორ გაგიჩნდათ კერძო სკოლის გახსნის იდეა?
პროფესიით ფილოლოგი ვარ, სკოლაში ძალიან ახალგაზრდა მოვხვდი. 22 წლის ასაკში 147-ე საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილე გახლდით. თან ისეთი დირექტორის, როგორიც პროფესორი ანზორ ჩაფიძე იყო. ამან დიდი გამოცდილება მომცა, თუმცა წლების შემდეგ საკუთარ სკოლაზე ფიქრის მთავარი განმსაზღვრელი გახდა უკმაყოფილება იმ სიტუაციით, რაც იყო, ზოგადად, საჯარო სკოლაში. ურთულესი პერიოდი იყო ‒ 1994 წელი, ნავთქურა, ლამფა, ყველანაირი საყოფაცხოვრებო პრობლემა… ჩემი იდეა უტოპიურად ჟღერდა. არც ოჯახში და არც გარეთ არავის სჯეროდა, მაგრამ მე მაინც დავჯექი და დავწერე დებულება. საქართველოში კერძო სკოლები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ამიტომ შესაბამისი ლიცენზიის გასაცემად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე გია მურღულია იყო. მათი გადაწყვეტილებით, გაიცა პირველი-მეექვსე კლასების გახსნის ლიცენზია. ასე შეიქმნა სკოლა ‒ პანსიონი „მთიები“. გამოცხადდა მოსწავლეთა მიღება… დავიწყეთ ხუთწლიანებით, ე.წ. მოსამზადებელი კლასით და მივიღეთ შვიდი მოსწავლე. შვიდმა ოჯახმა საკუთარი შვილის აღზრდისა და განათლების პროცესის მართვა გვანდო.
კერძო სკოლების გამოცდილება არ იყო, არ იყო არც ინტერნეტი, საიდანაც შეიძლებოდა ინფორმაცია მიგეღოთ. რა დაგეხმარათ მუშაობაში? როგორი იყო გეგმა, რომელსაც მიჰყვებოდით?
დამეხმარა გამოცდილებაზე დაფუძნებული ინტუიცია. ჩემი თვისებაა, რომ მარცხის არ მეშინია, ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ შექმნის პროცესია, მარცხი არ მთრგუნავს, პირიქით, სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ მეტად მოვინდომო და უკეთესად გავაკეთო. იმ დროს კერძო სკოლა ახალი სიტყვა იყო, არც კონკრეტული სისტემა არსებობდა, ამიტომ ყველაფერი ნულიდან თავად უნდა შემექმნა. სკოლა ეტაპობრივად ვითარდებოდა და მეც მასთან ერთად ვსწავლობდი, ნელ-ნელა ვზრდიდი კომპანიას, ვიკრებდი კრეატიულ თანამშრომლებს, უფრო და უფრო მეტი მშობელი გვანდობდა შვილის მომავალს, ახალ იდეებს და მიზნებს ვისახავდით და ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა მათი რეალიზებისთვის.
გუნდი როგორ შექმენით?
ვინაიდან განათლების სფეროში ვმუშაობდი, ბუნებრივია, ასეთი საქმის დაწყებისას ზუსტად ვიცოდი როგორი ადამიანები მჭირდებოდნენ მიმართულებების მიხედვით. სწორედ ამიტომ შემოვიკრიბე ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთაც არ ეშინოდათ სიახლეების, იყვნენ კრეატიულები და სჯეროდათ, რომ კერძო სკოლა გაამართლებდა. ასე ავედით 8 თანამშრომლიდან 250 დასაქმებულამდე. დღეს ერთად ვართ ყველა სიტუაციაში, ერთად ვზრუნავთ მუდმივ გაუმჯობესებაზე, სწავლებისა და ორგანიზაციის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვაზე. ყველა თანამშრომელი ცდილობს კოორდინირებულად და ერთ გუნდად იმუშაოს, რაც დადებით შედეგს გვაძლევს. ამაში საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ორგანიზაციის მართვის სისტემით მუშაობა გვეხმარება.
ასევე ხშირად ტარდება თანამშრომელთა ტრენინგი სხვადასხვა მიმართულებით, რაც მათ მუდმივ ზრდა ‒ განვითარებას განაპირობებს და საბოლოოდ ორგანიზაციის წარმატებულ და ეფექტიან მუშაობაზე აისახება.
რა იყო ის სირთულეები, რაც უკან დარჩა?
რადგან კერძო სკოლა ახალ სიტყვას წარმოადგენდა, შედარებით რისკი იყო საზოგადოების ნდობის მოპოვება. თუმცა, ერთადერთი სირთულე მაინც საკმარისი ფართის არარსებობა აღმოჩნდა, ვინაიდან სკოლა როგორც მოსწავლეთა, ასევე თანამშრომელთა რაოდენობით წლიდან წლამდე სწრაფად იზრდებოდა. 7 მოსწავლიდან დავიწყეთ და დღეს „აიბი მთიებში“ უკვე 1450 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაყოფილია დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლებად. გასულ წლებში გვიწევდა ყველა საფეხურის მოსწავლეები და თანამშრომლები ერთ შენობაში ვიწროდ ვყოფილიყავით, რაც შემდგომში სხვა პრობლემებსაც იწვევდა. თუმცა დღეისთვის მივაღწიეთ იმას, რომ უმაღლესი სკოლის ‒ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და თანამშრომლები ცალკე არიან განთავსებულნი ახალ შენობაში სკოლის ტერიტორიაზე, ასევე გაფართოვდა დაწყებითი და საბაზო სკოლების სივრცე. სამომავლოდ გვსურს, რომ ეს ინფრასტრუქტურული საკითხი უფრო განვავითაროთ, გავაუმჯობესოთ და გავაფართოოთ.
რა არის ის, რის გამოც თქვენს სკოლას ირჩევენ უკვე დიდი კონკურენციის პირობებში?
სწავლების მაღალი ხარისხი, სწავლების პერსონიფიცირება, მოსწავლეზე მორგებული სააღმზრდელო სისტემა და უსაფრთხო გარემო. ესაა ის პრიორიტეტები, რომელთა გაუმჯობესებაზე „აიბი მთიები“ მუდმივად მუშაობს. ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და ვეხმარებით მას, რომ საკუთარი რესურსის მაქსიმალურად გამოყენება შეძლოს. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ახალი მასალის დასწავლის პროცესს სკოლის კედლებშივე. ასევე ყველა კლასს ჰყავს სპეციალური კოორდინატორი, რომელიც სრულად პასუხისმგებელია მოსწავლეების აღზრდაზე და კომუნიკატორია ჩვენსა და მშობელს შორის. სკოლას აქვს დამკვეთთან მუშაობის სისტემა, რაც ითვალისწინებს, რომ: მშობელი შაბათ-კვირას ეცნობა გასული კვირის განმავლობაში შვილის აკადემიურ მიღწევებს; მათ ყოველთვიურად ეგზავნებათ სასწავლო-სააღმზრდელო სამუშაო გეგმები; აქვთ წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე, სადაც ეცნობიან აკადემიურ შედეგებს; თვეში ერთხელ ესწრებიან ღია კარის დღეებს. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მოსწავლის სწორ აღზრდას ორმხრივი ჩართულობით. ცოტა ხნის წინ ახალი ინოვაციური პროექტი წამოვიწყეთ, ესაა „მშობელთა სივრცე“, რომელიც სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას სრულყოფილს გახდის. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა თემაზე ლექცია/დიალოგების წარმართვას. ამ ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას.
რა არის სწავლებისა და აღზრის პროცესში თქვენი მთავარი სტანდარტი?
„აიბი მთიების“ მიზანია აღზარდოს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მქონე ქართველი ახალგაზრდა, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში შეძლებს თავის დამკვიდრებას და შესაძლებლობების რეალიზებას.
გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ როგორ უნდა გვემართა ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებით. დავნერგეთ მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი ‒ ISO, რაც ეხება აბსოლუტურად ყველა სეგმენტს, იქმნება მართვის ისეთი სისტემა, როდესაც ნებისმიერ რგოლში შექმნილი პრობლემა მომენტალურად თვალსაჩინოა და სწრაფად ხდება მასზე შესაბამისი რეაგირება. ასევე დავნერგეთ საერთაშორისო სტანდარტი OHSAS, რომელიც უზრუნველყოფს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სტანდარტების ხარისხიან მართვას. ყოველწლიურად ხდება ორივე სისტემის გარე აუდიტი და სერტიფიცირება, რომელსაც „აიბი მთიები“ წარმატებით გადის.
სწავლის პროცესი, სასკოლო პროგრამა რთულია?
ჩვენი სასწავლო პოლიტიკა თავიდანვე იყო სირთულის ზღვართან, მაგრამ, ამავდროულად, საჭირო და საინტერესო. რა თქმა უნდა, არ უნდა ავცდეთ იმ პროგრამას, რომელიც განათლების სამინისტროს მიერაა დადგენილი.
თუმცა „აიბი მთიებს“ საგანთა სწავლებისა და სასწავლო გეგმის საკუთარი სტანდარტი სკოლა აქვს. ამავდროულად, ორგანიზაცია ორიენტირებულია მოსწავლის აღზრდასა და მისთვის ისეთი უნარების განვითარებაზე, რაც მას დაეხმარება სამომავლო ცხოვრების სწორად განსაზღვრაში. ვთანამშრომლობთ კოლეჯ „სპექტრთან“, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან მეორად პროფესიებს. ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან, რომელთა აქტიური ჩართულობითაც მოსწავლეები სკოლაშივე ეუფლებიან საუნივერსიტეტო უნარ-ჩვევებს. აქვთ პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები უნივერსიტეტის პროფესორებთან როგორც სკოლის კედლებში, ასევე საუნივერსიტეტო გარემოში. „აიბი მთიები“ მოსწავლეებს ეხმარება პროფესიების სწორად არჩევაში, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ადამიანებთან. ჩვენი ყველა კურსდამთავრებული საქართველოს, ევროპისა და ამერიკის უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტია.
პროექტებით სწავლება ‒ ეს ჩვენთან საგნების ხარისხიანი სწავლების ერთ-ერთ პრიორიტეტია. ეს სისტემა უმაღლეს, საბაზო და დაწყებით სკოლაში ხელს უწყობს საგნობრივი უნარების განვითარებას და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განახორციელონ. ორივე ერთად კი უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას.
რა ენებს სწავლობენ თქვენი მოსწავლეები?
ქართული და ინგლისური ენები სავალდებულოა. მეორე უცხო ენა არჩევითაა გერმანულს, ესპანურსა და რუსულს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსწავლეები უცხო ენების ცოდნის დონით ნამდვილად მოწინავე პოზიციებზე არიან, განსაკუთრებით ინგლისური ენის მიმართულებით, სადაც ძალიან საინტერესო პროექტებს მართავენ და იყენებენ ცოდნის უმაღლეს დონეს. ასევე ხშირად გვაქვს ზამთრისა და ზაფხულის სასწავლო ბანაკები ინგლისსა და ამერიკაში. ჩვენი სკოლა უკვე მე-7 წელია გაეროს მოდელირებული სამიტის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომელიც ორგანიზებას უწევს „აიბი მთიების“ მოსწავლეების გაეროს მოდელირებულ სამიტში ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოსწავლეთა მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ საკითხებზე ფიქრს, მსჯელობასა და აზროვნების განვითარებას.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს აქვთ საშუალება მოემზადონ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისათვის FCE; TOEFL; IELTS.
ანა ჯავახიშვილი
IB მთიების ფინანსური დირექტორი
კომპანიის განვითარებაში არაოფიციალურად გახსნის დღიდან ვარ ჩართული, მაგრამ 2008 წელს, კომპანიაში გარკვეული სირთულეების გამო გადავწყვიტე ოფიციალურად ამეღო პასუხისმგებლობა ფინანსურ საკითხებზე, რასაც მოჰყვა რიგი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა: სკოლის შენობა 18-წლიანი საარენდო მდგომარეობიდან საკუთრების მფლობელობაში გადავიდა, ავაშენეთ და შესაბამისი ინვენტარით აღვჭურვეთ 100 მოსწავლეზე გათვლილი სასადილო სივრცე, მოგვიანებით ამავე ეზოში ავაშენეთ უმაღლესი სკოლისთვის თანამედროვე სწავლების სისტემაზე მორგებული 300 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსი. ორი წლის შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე ავაშენეთ ლიბრარიუმი ‒ უწყვეტი განათლების სივრცე, რომელიც სავსეა და მუდმივად განახლებადია ყველა დროის საინტერესო წიგნებითა და სხვადასხვა სასწავლო რესურსით. მისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.
სკოლა წლიდან წლამდე ვითარდება მთელი გუნდის დაუღალავი შრომით. უკვე რამდენი წელია წარმატებით გავდივართ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციას და რამდენიმე საერთაშორისო აუდიტს.
ეს ყოველივე აისახება წლიდან წლამდე დამკვეთის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
როგორი გეგმები გაქვთ?
ჩვენი გეგმები, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ ზრდას უკავშირდება, რადგან სკოლა მნიშვნელოვნად იზრდება და დაკვეთა ყოველწლიურად უფრო მაღალია. ამ საკითხთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ ახალ კორპუსში მივიღოთ დაინტერესებული მოსწავლეები.
ასევე გვაქვს აკადემიური მიმართულებით განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი ცვლილებები, რაც ძირითადად სწავლებაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ და ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებული, რეალიზებული და პიროვნულად შემდგარი ახალგაზრდა იყოს.