მოგესალმებით მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, აიბი მთიების თანამშრომლებო,
დღეს 14 სექტემბერია, იწყება ახალი 2022-2023 სასწავლო წელი.
27 წელია რაც აიბი მთიები სწავლის დაწყებას ზეიმობს. 14 სექტემბერი ახალი სასწავლო წლის დასაწყისიცაა და აიბი მთიების დაბადების დღეც.
ასე რომ, დღეს აიბი მთიები 27 წლის გახდა, გილოცავთ!
ყველას გაინტერესებთ როგორი შედეგებით და რა სიახლეებით ხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს.
მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ აიბი მთიების 70-ვე კურსდამთვარებული სტუდენტია. უღრმესი მადლობა მათ ასეთი მაღალი აკადემიური შედეგებისთვის. ვუსურვებ საინტერესო, წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას.
სადღეისოდ, აიბი მთიებში XII კლასში 86 მოსწავლე სწავლობს, იმედი მაქვს, რომ ისინიც ასეთი მაღალი შედეგებით გადალახავენ ეროვნულ გამოცდებს.
2022-2023 სასწავლო წელს აიბი მთიებში 1410 მოსწავლე სწავლობს და 230 თანამშრომელი მუშაობს.
მათ შორის 171 მოსწავლე პირველად მიუჯდება მერხს, ესენი 5-6 წლის მოსწავლეები არიან. განსაკუთრებით მათ ვულოცავთ მოწაფეობას. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ცხოვრება აიბი მთიებში საინტერესო და კომფორტული იყოს.
მინდა გაცნობოთ სიახლეები:
- ივლისი- აგვისტოს თვეში საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა აიბი მთიების სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი. აიბი მთიებმა წარმატებით გაიარა ეს პროცესი და სკოლა ავტორიზებულია.
- აიბი მთიები გახდა ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი. ეს სტატუსი დიდ შესაძლებლობას იძლევა ევროპული საგანმანათლებლო სივრცეში სკოლის ჩართვისა. გილოცავთ!
- დავიწყეთ თანამშრომლობა სპარკის საერთაშორისო სკოლასთან რუმინეთში, რომელიც აკრედიტირებულია კემბრიჯის კურიკულუმით და შედგა შეთანხმება აიბი მთიების მოსწავლეთათვის ონლაინ ლექციების ჩატარებაზე, პედაგოგთა ტრენინგსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივ ორგანიზებაზე.
- მიმდინარეობს საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეთათვის საერთაშორისო განათლების მიღების ხელშეწყობისა და ორმაგი დიპლომის მიღების მიზნით შემდეგ ქვეყნებთან: ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, აშშ, ავსტრია, გერმანია, უნგრეთი.
- აიბი მთიებმა დაინერგა სურსათის უვნებლობის ახალი საერთაშორისო სტანდარტი HACCP-ი, რაც უზრუნველყოფს საკვები პროდუქტებისა და კვების პროცესის მეტ უსაფრთხოებას.
- სკოლის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სწავლება განხორციელდეს STEAM განათლების სისტემით.
STEAM განათლება (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) არის პერსპექტიული მიდგომა მოსწავლეთა მოღწევებისათვის და დადებითად მოქმედებს მასწავლებელთა ეფექტურ მუშაობაზე. მისი მთავარი მოთხოვნაა გამოიყენე, შექმენი, გამოიგონე. STEAM განათლების სისტემა დაინერგა აიბი მთიების სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლებში. ეს პროექტი სამწლიანია.
სწორედ ამ მიზნით:
- ხუთწლიანებში მოსწავლეები ისწავლიან საერთაშორისო პროგრამით, რომელიც წარიმართება ექვსი თემით.
- დაინერგა თვალსაჩინოებაზე დაფუძნებული სწავლების სისტემა.
- დაინერგა ოქსფორდის გამომცემლობის სახელმძღვანელოთი სწავლება – „მეცნიერება ინგლისურად“, რომელიც გვთავაზობს სწავლების ახალ მეთოდოლოგიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში და ხელს უწყობს მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებას. ეს პროგრამა არის საერთაშორისო კურიკულუმი.
- სიახლეა დაწყებითი სკოლის მათემატიკის სწავლებაში. 1-4 კლასებში დაინერგა მათემატიკის საერთაშორისო კურიკულუმით სწავლება, რომელიც ისწავლება მაკმილანის გამომცემლობის მათემატიკის სახელმძღვანელოთი, და დაფუძნებულია CPE – (სიფიეის) მეთოდზე: ვიზუალიზაცია, გრაფიკა, აბსტრაქცია.
- საბაზო სკოლაში STEAM განათლების სისტემით წარიმართება მხოლოდ იმ საგანთა სწავლება, რომელიც ინტენსიური რეჟიმით ისწავლება. ამ სქემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას.
- საბაზო სკოლაში იცვლება სააღმზრდელო სისტემაც 3+1 სისტემით. (პროგრამა პრეზენტაციაზე დეტალურად განგემარტებათ)
- IX კლასის მოსწავლეები სასწავლო კურსის საფასურის ფარგლებში მოემზადებიან ინგლისურის FCE-ის საერთაშორისო გამოცდისთვის და მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მიიღებენ საერთაშორისო სერთიფიკატს.
- მნიშვნელოვანი ცვლილებებია აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში: STEAM განათლების სისტემით წარიმართება როგორც ზუსტი მეცნიერებების და საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული სკოლების აკადემიური საგნების სწავლება. ამ მიზნით დაიგეგმა ახალი საგნების სწავლება. ესენია:
- ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლები IX –X – XI კლასებში.
- შესავალი თანამედროვე აზროვნებაში XII კლასები.
- ზოგადი ფსიქოლოგიის შესავალი XII კლასები.
- ინგლისური ლიტერატურა ამერიკელი სპეციალისტის მოწვევით.
- ეკონომიკის საფუძვლები.
- სამართლის საფუძვლები.
- მენეჯმენტის საფუძვლები.
- კომპიუტერული ინჟინერია – რობოტიკა.
კვლავ გრძელდება 8 წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან ერთობლივი მუშაობა,
XI კლასელები კოლეჯ-სპექტრში შეისწავლიან ხელობებს.
სექტემბრის ბოლოს აიბი მთიების ყველა სკოლა ჩაატარებს მშობლებთან და მოსწავლეებთან პროგრამულ პრეზენტაციებს, სადაც უფრო დეტალურად გეცნობით 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას.